დღესდღეობით ძალიან აქტუალურია სხვადასხვა სილამაზის პროცედურების ჩატარება. ვიზუალის შეცვლა უკვე მარტივად მიიღწევა პლასტიკური ოპერაციის გარეშე, ფილერისა და ბოტოქსის დახმარებით. თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა ახალ საფეხურზე ავიდა და ბევრი ადამიანი ირჩევს არაქირურგიულ პროცედურებს, როგორიცაა ბოტოქსი, ფილერი და სხვა ინექციური ჩარევები, რათა გააუმჯობესოს გარეგნობა, შეანელოს დაბერების პროცესები და საკუთარი თავი მეტად თავდაჯერებულად იგრძნოს.
თუმცა, ბოლო წლებში შეინიშნება შემაშფოთებელი ტენდენცია.
რაც არაკვალიფიციური პირების მიერ ინექციების ჩატარებას გულისხმობს.
სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი გამოცდილების გარეშე გაკეთებულმა ინექციამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის ინფექციები, ალერგიული რეაქციები, ქსოვილების დაზიანება და კიდევ უფრო მძიმე შედეგები.
სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად ვერ აცნობიერებენ ამ რისკებს და უპირატესობას ანიჭებენ დაბალ ფასს ან ხელმისაწვდომობას, ვიდრე უსაფრთხოებას.
რა უნდა ვიცოდეთ ინექციის გაკეთებისას, საფრთხეები, რომლებიც არაპროფესიონალი პირების მიერ ჩატარებულმა სამედიცინო ჩარევამ შეიძლება შექმნას, ამ და სხვა ინფორმაციის გასაგებად დავუკავშირდით ექიმ-კოსმეტოლოგს, ნატა რევაზიშვილსა და პაციენტს, სოფი კაჭახიძეს, რომლებიც პირად გამოცდილებას გვიზიარებენ
ნატა რევაზიშვილი: ექიმი-კოსმეტოლოგი
ნატა, რა ტიპის ინექციები არსებობს და როდის გამოიყენება თითოეული?
– სხვადასხვა სახის ინექციები არსებობს. ბოტოქსი , რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი პროცედურაა, წარმოადგენს ნეიროტოქსინს, რომელიც დროებით აჩერებს კუნთების მუშაობას. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადგილებზე, სადაც გამოხატულობა იწვევს ნაოჭების გაჩენას, შუბლი, თვალების გარშემო და წარბებს შორის.
შედეგი არის გლუვი, ახალგაზრდული კანი, რომელიც დაახლოებით 3-6 თვემდე გრძელდება.
ასევე არანაკლებ პოპულარულია ფილერები, ანუ ჰიალურონის მჟავის ინექციები, გამოიყენება მოცულობის დასამატებლად და სახის კონტურების ფორმირებისთვის. ისინი არ აჩერებენ კუნთის მოძრაობას, არამედ ქმნიან ბუნებრივ მოცულობას, რაც ახალგაზრდულ იერს ანიჭებს სახეს. არანაკლებ მოთხოვნადი პროცედურებია, ბიორევიტალიზაცია – კანის ღრმა დატენიანება ჰიალურონის მჟავით.
თითოეულ პროცედურას ინდივიდუალური მუშაობა სჭირდება და შედეგიც სხვადასხვაა.
რა ძირითადი წესებია ინექციების ჩატარების დროს და უსაფრთხოების რა ზომები უნდა იყოს დაცული?
– პირველ რიგში, პროცედურა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლიცენზირებული და გამოცდილი ექიმის მიერ. საჭიროა დეტალური გასაუბრება სპეციალისტთან, პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიის განხილვა, არის თუ არა ალერგიული, შემდეგ პრეპარატის სანდოობა – გამოიყენება მხოლოდ სერტიფიცირებული და ბრენდული პრეპარატები, ექიმმა უნდა გაჩვენოთ ბოთლის შეფუთვა და ვადა.
აუცილებლად დაცული უნდა იყოს სტერილუტობა და ჰიგიენა და შემდეგ უკვე სწორი დოზირება და ზონა.
როგორ შეიძლება პაციენტი დარწმუნდეს, რომ ის, ვინც ინექციას უკეთებს, კვალიფიციურია?
– ხშირ შემთხვევაში ყველა ექიმს სერთიფიკატები კაბინეტში აქვს განლაგებული, თუ ასე არ არის, მოითხოვოს პაციენტმა შესაბამისი სერთიფიკატები ტრენინგებისა და სპეციალიზაციის შესახებ.
არსებობს თუ არა რეგულაციები, რაც არაპროფესიონალების მიერ ინექციების ჩატარებას ზღუდავს?
– კი, საქართველოში არსებობს რეგულაციები, რომლებიც არაპროფესიონალების მიერ ინექციური ესთეტიკური პროცედურების ჩატარებას ზღუდავს, თუმცა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, პრაქტიკაში კონტროლი ჯერ კიდევ არასრულყოფილია.
რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, თუ ინექციის ადგილას ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება გაჩნდა?
– რეაქცია ინექციის შემდეგ ზოგჯერ ნორმალურია, მაგრამ მნიშვნელოვანია გარჩევა, როდისაა ბუნებრივი სიმპტომი და როდის საჭიროებს ჩარევას. პირველ 24-48 საათში, ეს სიმპტომები ხშირად ბუნებრივია, განსაკუთრებით ფილერის ან ბოტოქსის შემდეგ. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, როდესაც რაიმე დისკომფორტს შენიშნავს. მაგალითად: ტუჩის ფილერის დროს ხშირია შეშუპება, თუმცა მხოლოდ პირველ დღეს.
სოფი კაჭაკიძე: დაზარალებული პაციენტი
შეგიძლიათ მოგვიყვეთ, რა მოხდა?
– ტუჩი გავიკეთე დაახლოებით ორი წლის წინ, ერთ გოგონასთან, როგორც ჩანს მოყვა გართულებები, ტანის ფილერი გამიკეთა ტუჩში, დამეწყო შეშუპება, შემდეგ სხვა სპეციალისტთან მივედი და დიდი ძალისხმევა დასჭირდა რომ დაეშალა და პირვანდელი სახე დაებრუნებინა ტუჩისთვის.
ვინ გაგიკეთათ ინექცია და რა ვითარებაში?
– ამ გოგონას სახლში ჩატარდა ინექცია. მოგეხსენებათ, რომ ხშირია, როცა სპეციალუსტები სახლში მუშაობენ.
ფლობდით თუ არა ინფორმაციას მისი კვალიფიკაციის შესახებ?
– არა, არც მითხოვია. ბრმად მივედი და შედეგიც შესაბამისი იყო. იმდენად ვინანე, ამ დღის მერე გარკვეული დრო არსად მივსულვარ ინექციის გასაკეთებლად, რაღაც დროის მერე კი კლინიკაში, პროფესიონალთან გავიკეთე და საბედნიეროდ ის შედეგი მივიღე, რაც მინდოდა.
დაგჭირდათ დამატებითი მკურნალობა ან უფრო ღრმა ჩარევა, ოპერაცია?
– საბედნიეროდ გადავრჩი ოპერაციას, მაგრამ როგორც გავიგე მეტად რთული პროცესი ყოფილა ხშირად ფილერის დაშლა.
როგორ იმოქმედა ამ შემთხვევამ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე?
– ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად. ის რამდენიმე დღე სახლიდან ვერ გავედი, რადგან ტუჩები დალურჯებული და შეშუპებული მქონდა, ჩემს სახეს ფაქტობრივად ვერ ვხედავდი, მეგონა არასოდეს გამივლიდა, თან გაუსაძლისი ტკივილები მქონდა.
გქონდათ თუ არა შიში სამედიცინო პროცედურების მიმართ ამის შემდეგ?
– თავშივე ავღნიშნე, რომ კი. გარკვეული პერიოდი ვერ მივდიოდი რაიმე ინექციის გასაკეთებლად.
სცადეთ თუ არა ამ საკითხზე სადმე ჩივილი?
– არა, ცოტა ადამიანური მომენტი ჩამერთო, საჯაროდ ამიტომაც ვერიდები მისი სახელის თქმას, თუმცა როგორც ვიცი ახლა აღარ არის საქართველოში.
მიიღეთ თუ არა რაიმე სახის კომპენსაცია ან სამედიცინო დახმარება სახელმწიფოსგან?
– სახელმწიფოსგან არაფერი, მგონია, რომ ჯანდაცვა არც უთმობს შესაბამის ყურადღებას.
გოგონასგან კი, თანხა დამიბრუნდა და უამრავი ბოდიში მომიხადა. ბოლომდე არ აღიარებდა თავის დანაშაულს, მხოლოდ ფილერს აბრალებდა და ჩემს ორგანიზმს, რომ ვერ მიიღო ეს კონკრეტული ფილერი.
რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვინც ინექციის გაკეთებას აპირებს?
– აუცილებლად მივიდეს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან კლინიკაში, რათა თავი აირიდონ გართულებებისგან! ვფიქრობ, ამ დროს თანხა არ უნდა დაზოგონ და რაც მთავარია ბრმად არსად მივიდნენ, კარგად მოიძიონ სპეციალისტზე ინფორმაცია, თუ რამდენად გამოცდილია.
თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია მუდმივად ვითარდება და გვთავაზობს მრავალფეროვან ესთეტიკურ პროცედურას. სილამაზისკენ სწრაფვას აუცილებლად უნდა ახლდეს პასუხისმგებლობა და ინფორმირებულობა. ნებისმიერი ესთეტიკური ჩარევა საჭიროებს პროფესიონალ სპეციალისტს, სანდო გარემოს და შესაძლო რისკის ცოდნას.
უსაფრთხოება და სილამაზე უნდა იყოს ერთმანეთის პარალელური მიზანი, სადაც ესთეტიკური შედეგი არ მიიღება ჯანმრთელობის ფასად. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება უფრო გააზრებულად მიუდგეს პროცედურების შერჩევას, ხოლო პროფესიონალებმა – ეთიკის, სტანდარტებისა და ადამიანის კეთილდღეობის პრინციპების ერთგულებით უნდა იმოქმედონ.
მასალა მოამზადა: სალი ონაშვილმა





Leave a Reply