პერსპექტივა

იმედით დატოვებული ქვეყანა –  ემიგრანტების გამოცდილება და სახელმწიფოს როლი

მძიმე სოციალურ – ეკონომიკური პირობების გამო საქართველო უკვე ათწლეულებია მიიჩნევა ემიგრაციის ქვეყნად, სადაც მზარდია ოჯახების კეთილდღეობის ძიების მიზნით შრომითი ემიგრაციის სხვადასხვა ფორმები.მიგრაციის არარეგულარული ხასიათის გამო რთულია მისი ზუსტი სტატისტიკური მაჩვენებლების განსაზღვრა, თუმცა არსებობს რამდენიმე ოფიციალური მონაცემთა წყარო.
UN DESA-ს უახლესი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან ემიგრანტების საერთო რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 861 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია, აღსანიშნავია, რომ აქედან, 51 % სწორედ ქალია.  
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით, 2023 წლისთვის, ემიგრანტების საერთო რაოდენობამ 245 064 შეადგინა (44% ქალი), სადაც 163 480 ადამიანი იყო საქართველოს მოქალაქე. 
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო ათწლეულში ემიგრანტების რაოდენობა 59%-ით გაიზარდა. 
დღესდღეობით არსებობს გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული არიან მიგრაციის საკითხებით და ზოგადად, ემიგრანტების ბედით .   
საინტერესოა ამასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯებს დგავს არასამთავრობო ორგანიციაზია ,,მიგრაციის ცენტრი“. 
„მიგრაციის ცენტრი“ 2013 წლის 4 თებერვალს დაფუძნდა. „მიგრაციის ცენტრის“ წევრები არიან საქართველოში მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნებული ემიგრანტები. 
ორგანიზაციის თითოეულ წევრს გააჩნია არასამთავრობო, სამთავრობო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში დაბრუნების  შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ შექმნისთანავე რამდენიმე მიმართულებით დაიწყო საქმიანობა:

  • ინდივიდუალური კონსულტაციები უცხოეთში წამსვლელთათვის და ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისთვის;
  • ქვეყანაში დაბრუნებულ მიგრანტთა და იმიგრანტთა უფლებების დაცვა;
  • დიასპორული ორგანიზაციების ქსელის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

თუ რაში ეხმარება ეს ორგანიზაცია ემიგრანტებს, “მიგრაციის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი გოგიშვილი საუბრობს:

,, ეს ორგანიზაცია ეხმარება ემიგრანტებს მიიღონ სათანადო ინფორმაცია იმაზე თუ როგორ  არ გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი, აწვდიან  ინფორმაციას საელჩოებთან დაკავშირდებით, ასევე აწარმოებენ ,, ბროშურებს“ , რომლებიც ემიგრანტებს ადაპტაციასა და ბიუჯეტის სწორად გადანაწილებაში ეხმარებათ. 

როგორია შრომითი ემიგრაციის გავრცელების მასშტაბი სხვა ტიპის ემიგრაციებთან – კერძოდ, საგანმანათლებლო და იძულებით ემიგრაციასთან – შედარებით?

– საგანმანათლებლო მიგრაციამ ნამდვილად მოიმატა რიცხობრივად, თუმცა შრომითი მიგრაცია მაინც მეტად აქტუალურია. ვფიქრობ,  პრობლემა არის ის, რომ შრომითი მიგრაცია უმეტეს შემთხვევაში არაკანონიერია, შესაბამისად აღრიცხვაზე კონტროლი რთულია.  შრომითი მიგრაცია მაინც ძირითადად ეხება ისეთ ურთიერთობებს, როცა ხელშეკრულებით მიდიან ოფიციალური საბუთით,  თუმცა, ორივე შემთხვევაში წასვლის მიზეზი დასაქმება და ფინანასური სარგებლის მიღებაა. 
დასაქმების მიგრაციას რაც შეეხება, გაზრდილია სტიპენდიების რიცხვი, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი სტუდენტები

რომელი ქვეყნებია ყველაზე პოპულარული საქართველოს ემიგრანტებისთვის?

– ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები იკავებენ წამყვან ადგილს ამ მიმართულებით,  თუმცა უვიზო მიმოსვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩავლენ და თავისუფლად ექნებათ უვიზოდ მუშაობის უფლება. გარკვეული საფეხურებია აქაც გასავლელი, რომ მოიკიდონ ფეხი და შეძლონ უპრობლემოდ მუშაობა.
ყველაზე მეტად მაინც იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ავსტრიაა, სწორედ  ის ქვეყნები სადაც ჩადიან ემიგრანტები ცხოვრების გასაგრძელებლად.

რას ურჩევდით მათ, ვინც ფიქრობს ქვეყნის დატოვებაზე – რა სამართლებრივი და პრაქტიკული რჩევები შეგიძლიათ მისცეთ მათ?

– ეს მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემაა. ქვეყნის დატოვებაზე ფიქრი ხშირად ემოციურ და პრაქტიკულ ფაქტორებს ეყრდნობა. 
პირველ რიგში, საჭიროა  შეისწავლონ  ვიზის და მიგრაციის პირობები იმ ქვეყნისთვის, სადაც მიდიან. 
თუ  რა ტიპის ვიზა სჭირდებათ: სასწავლო, სამუშაო, თავშესაფრის მაძიებლის, თუ რეზიდენციის.
აუცილებელია გადახედონ  იმ ქვეყნის საელჩოს ოფიციალურ ვებსაიტს, რათა თავიდან აირიდონ არასწორი ინფორმაცია. უნდა გაიარონ  კონსულტაცია იურისტთან ან ემიგრაციის სპეციალისტთან. 
შეისწავლონ  ენაც და კულტურაც. უნდა გაკეთდეს  ფინანსური დაგეგმარება, მოამზადონ  ბიუჯეტი: ბინის ქირა, ტრანსპორტი, კვება, დაზღვევა და სხვა საწყისი ხარჯები. თუმცა მაინც, ნუ იჩქარებენ წასვლას, მესმის რთულია, როდესაც ამ გადაწყეტილების წინაშე დგახარ ადამიანი, მაგრამ მაინც დაფიქრებაა საჭირო. 

არსებობს თუ არა პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ემიგრანტების დაბრუნებას და დასაქმებას საქართველოში?

– დაბრუნებისთვის პროგრამა, როგორც ასეთი არ არის, თუმცა დაბრუნებული ემიგრანტებისთვის მუშაობს რამდენიმე პროგრამა. ერთ – ერთი მათგანია კარიტასის პროგრამა ( ეხმარებიან ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოსულ ემიგრანტებს. ამასთან შესაძლოა მცირე ბიზნესის წამოწყებაში კი დაეხმარონ.
ავთო შათირიშვილი ერთ-ერთი ემიგრანტია, რომელიც 3 წლის განმავლობაში პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ის გვიყვება მის ცხოვრებაზე უცხო ქვეყანაში და ბრძოლაზე სირთულეებთან

რა არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადაწყვიტეთ ქვეყნიდან წასვლა?

-ძირითადად ეკონომიკური მიზეზით, საქართველოში ნორმალური სამუშაოს პოვნა რთული იყო და არ მყოფნიდა შემოსავალი, შესაბამისად გადავწყვიტე წასვლა იმ  იმედით, რომ სხვა ქვეყანაში უკეთეს სამსახურს ვნახავდი.
ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი და  შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება, თუმცა უნდა მეცადა.

სახელმწიფოსგან რაიმე მხარდაჭერა თუ მიიღეთ ემიგრაციამდე ან ემიგრაციის შემდეგ?

– არა, სახელმწიფო დახმარება არ მიმიღია არც წასვლამდე, არც წასვლის შემდეგ. 
ყველაფერი გავაკეთე საკუთარი ძალებით, თუმცა წასვლამდე მოვიძიე ორგანიზაციები, რომლებიც ემიგრანტებს ეხმარებოდნენ ინფორმაციულად, თუ რა საბუთები იყო საჭირო, რა უნდა გაგვეთვალისწინებინა  ემიგრანტობის პერიოდში.
სიმართლე გითხრათ ეს დიდად არ დამეხმარა, მაგრამ იყო გასათვალისწინებელი რაღაცები, რაც იქ ჩასვლის დროს ნამდვილად გამომადგა. 

რამდენად მარტივი იყო უცხო ქვეყანაში სამუშაობს მოძიება?

საკმაოდ რთული იყო, რადგან ენის ბარიერი მქონდა და არც არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა. ბევრი ადგილი მოვიარე და დროებით სამუშაოებზე ვმუშაობდი. ნელ ნელა შევძელი მუდმივი სამსახურის პოვნა, მაგრამ დიდ შრომას მოითხოვდა. უცხო ქვეყანაში უნდა იყო ძალიან მონდომებული და მოთმინებით სავსე.

სად მუშაობდი და რამდენად განსხვავდება ეს საქართველოს შრომის ბაზრისგან?

– პოლონეთში თავიდან საწყობში ვმუშაობდი, ფიზიკურად რთული იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. 
შემდეგ დამლაგებლად გადავედი სასტუმროში, სადაც ცოტა უკეთესი პირობები იყო. მიმუშავია კაფეშიც, მიმტანად, მას მერე რაც ენა უკეთ ავითვისე.
ეტაპობრივად მოვხვდი უკეთეს პირობებში, მაგრამ მარტივი ნამდვილად არ იყო. ყოველ ჯერზე მქონდა სირთულეები, როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთანაც. ზოგჯერ მიფიქრია, რომ დავანებებ ყველაფერს თავს და დავბრუნდები საქართველოში, მაგრამ ისევ და ისევ მაკავებდა რაღაც და ეს რაღაც იყო იმედი, რომ გამიმართლებდა.

როგორ აისახა ქვეყნიდან წასვლა თქვენს ოჯახზე და პირად ურთიერთობაზე?

-ემიგრაციამ ოჯახზე დიდი გავლენა მოახდინა. ხშირად მაკლდა მათი გვერდში დგომა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტებში.
პირად ურთიერთობაშიც სირთულეები მქონდა, რადგან დისტანცია ართულებს ურთიერთობას. ვცდილობდი, რომ ოჯახისთვის დამემალა ჩემი რთული დღეები და არ მომეხვია მათთვის ის პრობლემები, რაც ემიგრანტობის პერიოდში მქონდა. 
მახსოვს ხშირად, საჭმლის ფულიც არ მქონდა, მაგრამ მაინც არ ვტყდებოდი, თავს ვაჩვენებდი ყველას, რომ კარგად ვიყავი, რომ შევძლებდი.
ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად გამტეხა, მაგრამ ვცდილობდი ძალა მეპოვა  ჩემს თავში.

რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც ემიგრანტობისას შეგხვდათ?

-ყველაზე დიდი სირთულე ალბათ, გაურკვევლობა და მარტოობის შეგრძნება იყო. როცა სხვა ქვეყანაში ხარ ყველაფერი უცხო და უცნობია. არავინ იცის შენი ისტორია და თითქოს სხვა ადამიანი ხდები. 
წარმოიდგინეთ, ტოვებ ყველას და ყველაფერს,  მიდიხართ უცხო ქვეყანაში, სადაც ნაცნობი არავინაა და ცდილობ მოიკიდო ფეხი. 
მინდოდა ფულის დაგროვება, მაგრამ არ გამომდიოდა,  რადგან ყოველდღიურობაში მჭირდებოდა საკვებში და ბინის ქირაში. 
ისე გამოდიოდა, რომ გამომუშავებული ფული ქრებოდა, ვერსად ვერაფერში ვაბანდებდი.  
მინდოდა ხოლმე ჩემი ოჯახისთვის მცირედი  თანხის გაგზავნა, მაგრამ პირიქით აქეთ დახმარება მჭირდებოდა ხოლმე.

როგორია ხელფასის და ცხოვრების ხარჯების ბალანსი იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდით?

-პოლონეთში ხელფასი შედარებით დაბალი იყო პირველ წლებში, მაგრამ ცხოვრების ხარჯებიც უფრო ხელმისაწვდომი იყო, განსაკუთრებით საკვები და საცხოვრებელი. მთავარია, რომ იქ თუ ოფიციალურად იყო დასაქმებული, შრომის პირობები და ხელფასი უფრო სტაბილურია, ვიდრე საქართველოში. 

როგორ ფიქრობთ, საქართველომ რა ცვლილებები უნდა განახორციელოს, რომ უფრო ნაკლებმა ადამიანმა დატოვოს ქვეყანა?

-საქართველოში უნდა გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები, განსაკუთრებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და შრომითი უფლებების დაცვით.  
ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა გაიზარდოს ინვესტიციების მიღების მიმართულებით, რათა ეკონომიკური სტაბილურობა შემოიტანოს.
განათლებასა და ჯანდაცვაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ადამიანების დარჩენას, არამედ ცხოვრების ხარისხსაც გააუმჯობესებს. 

საბოლოო ჯამში ემიგრაცია დღეს არაერთი ადამიანის პირად ისტორიად ქცეულა.
მიზეზები მრავალფეროვანია,  ეკონომიკური სიდუხჭირე, განათლებისა და პროფესიული განვითარებისთვის უკეთესი შესაძლებლობების ძიება ან უბრალოდ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება უცხო ქვეყანაში. 


ამ პროცესს თან სდევს როგორც შანსები, ისე გამოწვევები.ემიგრანტები ხშირად ხდებიან კულტურული ადაპტაციის, ნოსტალგიისა და რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების თანაზიარი. საჭიროა, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მეტი ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს.
არა მხოლოდ ემიგრაციის შემცირების მიმართულებით, არამედ დიასპორასთან კავშირის გაღრმავებითაც.ემიგრაცია მხოლოდ ციფრები არ არის, ის ადამიანების ბიოგრაფიებია, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას, პატივისცემას და შემაკავშირებელ ხიდს სამშობლოსთან.

მასალა მოამზადა: ანა გლოველმა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *