ტექნოლოგიების საუკუნეში სოციალური ქსელების ფართო მასშტაბით გავრცელებამ ხელი შეუწყო ონლაინ ვაჭრობას სხვადასხვა პლატფორმაზე. ციფრულ ეპოქაში მსგავსი სახის მომსახურება კომფორტთან, დაზოგილ დროსთან და სიამოვნებასთან ასოცირდება. ალბათ ხშირად გინახავთ რეკლამები, ვიდეორგოლების სახით, თუ რამდენად მიმზიდველია სახლიდან გაუსვლელად სასურველი მომსახურების მიღება. თუმცა, ამ კომფორტს ხშირად ახლავს იმედგაცრუება.
სიამოვნება თუ სასოწარკვეთა?
რასთან არის დაკავშირებული ონლაინ შოპინგი ?
– პირველ რიგში ონლაინ შოპინგი დროის დაზოგვასთან ასოცირდება.მომხმარებლები სწორედ ამიტომ ანიჭებენ უპირატესობას ამ გზით შეძენას. საათობით საცობში დგომას, სასურველი ნივთის არჩევას და რიგში ლოდინს, ხშირად კართან მოტანილ ამანათებს ამჯობინებენ. ონლაინ ვაჭრობა იძლევა საშუალებას მთელი შეძენის პროცესი იყოს მარტივი და მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს შესაბამისი მომსახურება.ასევე, ონლაინ ვაჭრობისას ბევრი დამატებითი ბენეფიტებიც არსებობს.ბევრი მაღაზია სთავაზობს cashback-ს(თანხის უკან დაბრუნებას) და პრომო კოდებს მომხმარებლებს, რითაც განსაკუთრებული ფასდაკლებებით სარგებლობის შანსი ეძლევათ.
რატომ ხდება ონლაინ ვაჭრობა დღითიდღე აქტუალური?
– რეკლამების გავრცელების თვალსაზრისით Facebook ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა. 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში Facebook-ს 2.85 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. ხშირად შეხვდებით ამ პლატფორმაზე ლამაზ, მიმზიდველ ბანერებს სადაც უსწრაფეს მიწოდებას და უმაღლესი ხარისხის გთავაზობენ სხვადასხვა კომპანიები. კარგი მარკეტინგით და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხრიკებით, ხშირად ეს ნივთები გაუაზრებლად აღმოჩნდება ხოლმე თქვენს კართან. სწორედ მაშინ ხვდებით არის თუ არა თქვენი შეძენილი ნივთი ავთენტური ან თუ შეესაბამება მომსახურების პირობები დაპირებულს.
რა პრობლემები ახლავს ონლაინ ვაჭრობას?
– შეუსაბამო ხარისხი, რეალობასთან აცდენა,დაგვიანებული და დაკარგული ამანათები, დაზიანებული ნივთი,არასასურველი კომუნიკაცია, თანხის დაბრუნების სირთულე,თაღლითობა -ეს მცირე ჩამონათვალია რაც ონლაინ ვაჭრობას ახლავს თან. მსგავსი პრობლემების გაზიარების და გავრცელების თვალსაზრისით Facebook ჯგუფიც შეიქმნა, ,,სასოწარკვეთილი მომხმარებლები”, სადაც სამასი ათასამდე მომხმარებელი აზიარების საკუთარ გამოცდილებას. აქ გაზიარებული პოსტები ნამდვილად გაფიქრებინებთ იმას, რომ საქართველოში ონლაინ ვაჭრობა სავალალო მდგომარეობაშია. იმის გარდა, რომ მომხმარებლები არაჯანსაღ კომუნიკაციას აწყდებიან, ხშირია თაღლითობის ან თანხის არ დაბრუნების შემთხვევებიც.
ამ დროს კომპანიები საკუთარი კეთილსინდისიერების ხარჯზე წყვეტენ უნდა დააბრუნონ თუ არა თანხა, ან იქნებ უკეთესია დაბლოკონ უკმაყოფილო მომხმარებლები. მსგავსი სახის იმედგაცრუებაზე ჩვენი რესპონდენტი, პენსიონერი თამარ ჯოჯიშვილი ისაუბრებს:
ჩემი ამბავი Facebook – რეკლამას უკავშირდება. სოფლისთვის ელექტრო ცელი შევიძინე მაღაზია Smart Technic-საგან. ხშირად მხვდებოდა ამ გვერდზე სხვადასხვანაირი ტექნიკა.ვიფიქრე, ჩემს გარშემო ბევრი სარგებლობს მსგავსი მომსახურებით და მეც გამოვიწერ.
დავუკავშირდი მაღაზიას , გავაფორმე შეკვეთა და ნივთიც დათქმულ ვადაში ჩამაბარეს, თუმცა, ამბავი ასე არ დასრულდა, მიღებული ნივთი გაფუჭებული და უვარგისი აღმოჩნდა. ჩართვისთანავე ბოლი გაუშვა და გაითიშა, სწრაფადვე ვაცნობე მაღაზიას. 1 კვირა მპირდებოდნენ შეცვლას, მივწერე პენსიონერი ვარ, ნივთი მჭირდება იქნებ შემიცვალოთ, ან თანხა დამიბრუნოთ მეთქი. ბოლოს საერთოდაც დამბლოკეს და ასე დამრჩა ნივთი, რომელიც შეკეთებას არ ექვემდებარება.
150 ლარი მიითვისეს,ასე რომ ვთქვათ. ეს ჩემთვის პირველი და უკანასკნელი გამოცდილება იყო.
მსგავს არა ერთ ამბავს წაიკითხავთ ,,სასოწარკვეთილი მომხმარებლების” ჯგუფში. პრობლემა იმდენად მასიურია, ონლაინ (და არა მარტო) ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, რომლის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვაა. მისი ფუნქციების შესახებ სააგენტოს წარმომადგენელი, ნუცა ბერაია გაგვაცნობს ინფორმაციას.
რისთვის შეიქმნა კონკურენციის სააგენტო და რა მოვალეობები აკისრია მას?
– საქართველოში სააგენტო შეიქმნა 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ის წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტოს საქმიანობის პრინციპი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა,არადისკრიმინაციულობა და გამჭვირვალობაა.
ვალდებულია გამოავლინოს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევები და განახორციელოს მომსახურების ბაზრების მონიტორინგი. ასევე ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის კანონიერი ინტერესები და ხელი შეუწყოს დარღვეული უფლებების აღდგენას.
არსებობს თუ არა გარკვეული სტატისტიკა, წელიწადის განმავლობაში რამდენი ადამიანი მიმართავს სააგენტოს დასახმარებლად?
– აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და გამოქვეყნებულია სააგენტოს ვებ გვერდზე. მაგალითად 2025 წლის დასაწყისში ( პირველ 3 თვეში)მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 318 განაცხადი დაფიქსირდა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 40%-ით აღემატება წინა წლის დასაწყისში შემოსულითა რიცხვს. განცხადებებიდან 72% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, 13 მოვაჭრეს კი 25 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში 13 573 ლარის ოდენობით.
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ნივთის დაბრუნების უფლების შესახებ?
– კანონის ფარგლებში, მომხმარებელს აქვს უფლება 14 დღის ვადაში დააბრუნოს, გადაცვალოს ნივთი.არსებობს დამატებითი პუნქტი რომელიც ამკაცრებს შედეგებს და განსაზღვრავს, რომ თუ მომხმარებელს არ მიეწოდა ინფორმაცია დაბრუნების 14დღიანი ვადის არსებობაზე, აღნიშნული ვადა კანონის ძალით გაგრძელდება 12 თვემდე.
არსებობს თუ არა დამატებითი ბენეფიტები ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში?
– ონლაინ ვაჭრობა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება, ვინაიდან მომხმარებელს არ აქვს ნივთის ფიზიკურად ნახვის/დატესტვის/შეფასების შესაძლებლობა. ამიტომ, კანონი დაცვის უფრო მყარ გარანტიებს ითვალისწინებს და დამატებით სხვა უფლებებს ანიჭებს მომხმარებელს. კერძოდ, კანონის მეცამეტე მუხლი მას ანიჭებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
ამ უფლების გამოყენება მომხმარებელს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე შეუძლია.
ამ უფლების გამოყენებისთვის კი დაუშვებელია მომხმარებელს რაიმე სახის სანქცია დაეკისროს.
შესაბამისად უარის თქმა ნივთზე, იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.(მხარეებმა უნდა დაუბრუნონ მიღებული ერთმანეთს)
რამდენად იცავენ კანონს ონლაინ მაღაზიები?
– სამწუხაროდ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს ძალიან ბევრ ონლაინ მაღაზიას არ აქვს აღნიშნული პირობები თავის სავაჭრო პოლიტიკაში. არის მოვაჭრეთა კატეგორია, რომლებიც არ აძლევენ მომხმარებლებს აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, ან აძლევენ, მაგრამ შეზღუდულად. მაგალითად დაბრუნების შესაძლებლობა მხოლოდ 2-3 დღის ვადაში. ყოველივე მსგავსი პრაქტიკა არის უკანონო და სააგენტო ყოველთვის დარღვევად აკვალიფიცირებს.
მომხმარებელთა უმრავლესობამ არც კი იცის საკუთარი უფლებების შესახებ. ნებისმიერ
შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს განცხადებით.
(https://gcca.gov.ge/index.php?m=401) .
განცხადების წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას. თუდადასტურდა მომხმარებლის უფლებების დარღვევა მოვაჭრეს ეკისრება:
- დარღვეული უფლების აღდგენა;
- კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტა ან ორივე.
ასევე სააგენტო ახორციელებს მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგს. შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვაჭრეს აკისრებს ჯარიმას მინიმუმ 600 ლარის ოდენობით.
როგორ გავარჩიოთ ყალბი და სანდო ონლაინ მაღაზიები?
– არსებობს რამდენიმე საბაზისო ხრიკი, რისი გათვალისწინებით შეამცირებთ არასანდო მაღაზიიდან შეკვეთის შემთხვევითობის ალბათობას. სანდო მაღაზიის გვერდზე აუცილებლად არის განთავსებული საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის და ფიზიკური მისამართი
უცილებელია შეამოწმოთ მომხმარებლების შეფასებები. არსებობს შემთხვევები, როდესაც შეფასებები ძალიან ხელოვნურად გამოიყურება.
ყურადღება მიაქციეთ, ერთი და იმავე ადამიანების კომენტარებსა და შეფასებებს. თუ ხშირად შეგხვდებათ , ეს შესაძლოა მიანიშნებდეს ყალბი გვერდის არსებობაზე.ყურადღება გაამახვილეთ (Facebook-ის შემთხვევაში) გამომწერების და ფოტოების რეაქციების რაოდენობაზე. თუ მაგალითად გამოწერების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, პოსტზე რეაქციები და კომენტარები კი ძალიან ცოტა, ეს ერთ-ერთი ნიშანია.ხშირად არასანდო მაღაზიები იყენებენ სხვა კომპანიების ან ინტერნეტიდან აღებულ ფოტოებს. კარგი დაკვირვების შედეგად აუცილებლად აღმოაჩენთ მათ. ასევე, ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მოითხოვეთ რეალური ფოტოები.
სანდო მაღაზიები გადახდის კომფორტულ მეთოდს გთავაზობენ. საპირისპირო შემთხვევაში მაღაზიები ითხოვენ თანხის წინასწარ გადახდას. თუ ფიქრობთ რომ მაღაზია საეჭვოდ გამოიყურება, მოითხოვეთ კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორება ნივთის ჩაბარებისას. თუ საერთაშორისო მასშტაბით გეგმავთ ნივთის შეძენას, სანდო მაღაზიები შეგიძლიათ გადაამოწმოთ შემდეგ საიტებზე: Trustpilot, Scamadvisor, Better Business Bureau.
ეს ვებ გვერდები გთავაზობენ რეალურ შეფასებებს მაღაზიების შესახებ. თუ მაღაზია ითხოვს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და საბანკო ბარათის მონაცემებს, სანაცვლოდ კი საჩუქარს გპირდებათ, დიდი ალბათობით fishing-თან გაქვთ საქმე. ცხადია, სრულიად ვერ დაიცავთ თავს ყალბ ან არასანდო მაღაზიისგან შეკვეთისას, თუმცა ამ ხრიკების გამოყენებით, შეამცირებთ მათთან ურთიერთობის შანსს.
როდესაც ონლაინ ვაჭრობას გადაწყვეტთ, აუცილებელია იყოთ ყურადღებით. მნიშვნელოვანია მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია მაღაზიის შესახებ და თავი დაიცვათ თაღლითური ოპერაციებისგან. იმ შემთხვევაში თუ უფრო მეტს შეიტყობთ ონლაინ ვაჭრობის შესახებ, ის ბევრად კომფორტული და სასიამოვნო გახდება , ისეთი, როგორიც რეკლამებშია.
მასალა მოამზადა: თეკო შავარდენიძემ












Leave a Reply