პერსპექტივა

“შავი ოქრო” კეთილდღეობას არ იძლევა

ჭიათურაში, იქ, სადაც მანგანუმის მოპოვება მრავალი წლის განმავლობაში ადგილობრივი ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენდა, თანდათან ვითარდება კრიზისი. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მანგანუმის მოპოვების რეგიონები, როგორებიცაა ითხვისი და შუქრუთი, ბოლო წლების განმავლობაში ინგრევა. ამ ორ სოფელში უკვე შეუძლებელია იპოვო დასახლება, სადაც მიწის ჩაქცევის კვალი არ არის.  

მანგანუმის მოპოვება საუკუნეების განმავლობაში ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს “შავ ოქროდ” წოდებული ლითონი ქვეყნისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს ქმნის, თუმცა ეს ფინანსური წარმატება არასწორი მეთოდების და რეგულაციების ნაკლებობის გამო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხშირად ბადებს სერიოზულ პრობლემებს. 

აღნიშნული სოფლები ბოლო წლებში არაერთხელ მოხვდნენ მედიის ყურადღების ცენტრში. ადგილობრივები ხმამაღლა აპროტესტებენ იმ ზიანს, რომელსაც მანგანუმის მოპოვება აყენებს მათ საცხოვრებელ გარემოს. სახლები, რომლებიც მყარად იდგა ათწლეულების განმავლობაში, ახლა დახეთქილია და ნელ-ნელა ინგრევა. ზოგიერთი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, რადგან იქ ცხოვრება უბრალოდ სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა. 

“სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები ჩვენს ოჯახებს, ბებია-ბაბუების საფლავებს და სიწმინდეებს ვიცავთ, 2008 წელს მთელი სოფლის მოსახლეობა ვღებულობდით მონაწილეობას, რათა აღგვედგინა მრავალი წლის წინ დანგრეული წმიდნა მარინეს ტაძარი, რომლის ქვეშაც შევიდნენ და დააზიანეს. კომუნისტებმა არაერთი ეკლესია, მონასტერი და ხატი თეთრად შეღებეს და მათაც არ უკადრიათ, რომ შესულიყვნენ სასაფლაოზე და ტაძრის ქვეშ და მოეპოვებინათ მადანი”, – აცხადებს სოფელ შუქრითის მკვიდრი გიორგი ნეფარიძე. 

სოფელში არსებული საფრთხეების შესახებ, ბოლო წლებში შუქრუთელებმა ღია წერილებით, პროტესტითა და მედიის მეშვეობით სცადეს ხმა მიეწვდინათ როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კომპანიისთვის, თუმცა არც აღნიშნულს მოჰყოლია შედეგი.

2025 წლის 10 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურაში ჩავიდა და მაღაროს უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს შეხვდა, სადაც მან მათი პრობლემები მოისმინა. Შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა პრობლემის მასშტაბურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სწორედ მანგანუმის მაღაროში იყო დასაქმებული, ათასობით ადამიანის უმუშევრად და საარსებო წყაროს გარეშე დატოვებით კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც არღვევს ადამიანის შრომისა და ღირსეული ცხოვრების უფლებებს. 

ამასთან, ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ნედლეულის ღია წესით მოპოვების შედეგად ფაქტობრივად გამოუსწორებელი ზიანი ადგება. მსგავსი პრობლემები, როგორიც ჭიათურაში წარმოიშვა მანგანუმის მოპოვების შედეგად, არაერთხელ დაფიქსირებულა სხვადასხვა ქვეყანაში – მათ შორის რუმინეთში, ბოლივიაში და ინდოეთში. ეს პარალელები ცხადყოფს, რომ ბუნებრივი რესურსების დაურეგულირებელი ან აგრესიული მოპოვება ხშირად იწვევს არა მხოლოდ გარემოს გაუარესებას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ უკუსვლას.

რუმინეთის სოფელი როშია მონტანა 2000-იან წლებში მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც კანადურმა კომპანია Gabriel Resources-მა წამოიწყო ღია კარიერული გზით ოქროს მოპოვების გეგმა, რაც ციანიდის გამოყენებას მოიცავდა. პროექტის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია დაიწყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ადგილობრივების მრავალწლიანი პროტესტის შემდეგ, რუმინეთის პარლამენტმა 2013 წელს პროექტი დაბლოკა. 2021 წელს კი, სოფელი შეიტანეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის სამთო საქმიანობა იქ მომავალში აღარ განხორციელდება. 

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ბუნებრივი რესურსების დაუფიქრებელი მოპოვება ხშირად იწვევს ეკოლოგიურ და სოციალურ კრიზისებს, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ გარემოზე, არამედ ადამიანების ცხოვრებაზეც. ამ ქვეყნებში მიღებული გაკვეთილები მნიშვნელოვანია ჭიათურის რეგიონის პრობლემების მოგვარებისთვის და მათგან შესაძლებელია გამოვიტანოთ მნიშვნელოვანი დასკვნები. 
მიუხედავად კომპანიისა და სახელმწიფოს მიერ მიღებული ეკონომიკური სარგებლისა, აუცილებელია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა პრიორიტეტი იყოს. სწორედ ამიტომ საჭიროა დაუყოვნებელი და მიზნობრივი ღონისძიებების გატარება, რათა თავიდან იქნას აცილებული კრიზისის გაღრმავება და სოფლების ნგრევის გაგრძელება. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ წლიური მოგება დაახლოებით 12 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ფერო-მანგანიუმის ექსპორტი 2023 წელს დაახლოებით 178 მილიონი აშშ დოლარი იყო (wits.worldbank.org). მიუხედავად ამ ეკონომიკური წარმატებისა, მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები ყოველდღიურად მძიმდება და მათი ხმები კვლავ უგულებელყოფილია. როცა მიწა შიგნიდან ცარიელდება, არ უნდა დარჩეს დაცარიელებული სოფლებიც. რჩება მთავარი კითხვა: როდის დაინახავს სახელმწიფო, რომ ეკონომიკური მოგება არ უნდა გადაიქცეს ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების საფრთხედ? 

მასალა მოამზადა: ლუკა ცარციძემ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *