არასრულწლოვანთა ქორწინება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სოციალური პრობლემაა, რომელიც ზღუდავს ბავშვის უფლებებს, მის თავისუფლებას და ართმევს განვითარების შესაძლებლობებს. როცა ბავშვებს ბავშვობა სრულად არ განუცდიათ, ქორწინებაში შეყვანა ნიშნავს მათი მომავლის დაჩრდილვას, განათლების, თვითრეალიზაციისა და პიროვნული განვითარების გზის ჩაკეტვას.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოება ცდილობს წინ წაიწიოს და დაიცვას ბავშვთა უფლებები, არასრულწლოვანთა ქორწინება კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება. მარიამი ახლა 20 წლისაა, ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრობს და მარტო ზრდის ოთხი წლის შვილს. ოჯახი, რომელშიც ის გაიზარდა ტრადიციული იყო, განათლებას კი ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.გოგონების როლი კი ადრეულ ასაკშივე „გათხოვებასთან“ იყო ასოცირებული. სკოლა ვერ დაამთავრა, რადგან მეშვიდე კლასის შემდეგ სწავლა შეაწყვეტინეს. როცა გაირკვა, რომ ორსულად იყო გოგონას არჩევანი არ ჰქონდა, ოჯახმა და მამის ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ „სჯობდა გათხოვილიყო, ვიდრე ბავშვი ქმრის გარეშე გაეზარდა“…
მარიამი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილა, არც სასამართლოსთვის მიუმართავთ და არც სახელმწიფო რეგისტრაცია გაუვლიათ. ის 16 წლის ასაკში გადავიდა გაცილებით უფროს მამაკაცთან საცხოვრებლად, ფაქტობრივ თანაცხოვრებაში. არც ქორწინების, არც ორსულობის, არც მშობლობისთვის იყო მზად. ქმართან ურთიერთობა მალე დაიძაბა. მარიამი იხსენებს, რომ ყოველდღიურობაში ნაკლებად იყო ჩართული რომელიმე ოჯახის წევრი, მეტიც ყველაფრის კეთება მის კისერზე იყო ამ პერიოდში. მასთან არც სოციალური მუშაკი მისულა და არც რაიმე მხარდაჭერა უნახავს სახელმწიფოსგან. „ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ საერთოდ არავის უკითხავს ჩემი აზრი“, ამბობს ის.
19 წლის იყო, როცა საბოლოოდ წამოვიდა ქმრის ცხოვრებიდან და მშობლებთან დაბრუნდა, მაგრამ ბავშვით დაბრუნებულ გოგონას ოჯახიც აღარ იღებდა ისე, როგორც ადრე. „მითხრეს, შენთვისვე გაგათხოვეთ, ახლა უკვე შენ ხარ პასუხისმგებელი შენს შვილზეო“. დღეს მარიამი მის შვილთან ერთად ნათესავის სახლში ცხოვრობს. როგორც ის აღნიშნავს მუშაობა უჭირს, რადგან პროფესია არ აქვს და არც განათლების დასრულების შესაძლებლობა მიეცა. დღეს მისთვის მთავარი საზრუნავი შვილის უზრუნველყოფაა, თუმცა მუდმივად გრძნობს, რომ თავადაც ბავშვია იმ ბავშვთან ერთად, რომელსაც ზრდის. „რომ მცოდნოდა, რა სირთულე იყო ეს ყველაფერი, უბრალოდ სკოლას დავამთავრებდი და არავის მოვუსმენდი. ახლა თითქოს ყველაფერი დაკარგული მაქვს, არც სამსახური, არც პროფესია, არც ცხოვრებისეული მხარდაჭერა“ ამბობს მარიამი. მისი ამბავი არ არის იშვიათი. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკაც ვერ ასახავს იმ არასრულწლოვანი გოგონების რაოდენობას, რომლებიც ოჯახების, სოციალური წნეხისა და არასაკმარისი იურიდიული მექანიზმების ფონზე მოულოდნელად ხდებიან ცოლები და დედები მაშინ, როცა თავად ჯერ კიდევ ბავშვები არიან.
ამ თემაზე უფრო ვრცლად, ფსიქოლოგი ნესტან ზურაბიშვილი გვესაუბრება.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული არასრულწლოვან ასაკში ქორწინება?
– არასრულწლოვანი ადამიანის ფსიქიკა, ისევე როგორც მისი ორგანიზმი არ არის ბოლომდე ფორმულირებული და შესაბამისად ქორწინება, როგორც სექსუალური ცხოვრება ასევე ოჯახური პასუხისმგებლობები შეუსაბამო ტვირთია არასრულწლოვანი ადამიანის ფსიქიკისთვის.
რამდენად შეუძლია არასრულწლოვანს ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი ურთიერთობის შენარჩუნება?
– არასრულწლოვანის (სავარაუდოდ გარდატეხის ასაკში მყოფი ახალგაზრდა) ორგანიზმი განიცდის დიდი ცვლილებებს, რაც მოიცავს ჰორმონალურ ცვლილებებსაც, აღნიშნული კი დიდ ზეგავლენას ახდენს მის ფსიქიკაზეც. შესაბამისად მისთვის ჯანსაღი და ჩამოყალიბებული ურთიერთობების შენარჩუნება საკმარისად რთულია. რაც შეეხება პასუხიმგებლობის ნაწილს, ესეც ფორმირების ეტაპზეა.
როგორ აისახება არასრულწლოვანზე ქორწინება ემოციურად? სავალდებულო გადაწყვეტილება და/ან ადრეული პასუხისმგებლობები?
– ადრეული პასუხისმგებლობები არასრულწლოვნისთვის სტრესულ ზეგავლენას ახდენს, რამაც შეიძლება ის დეპრესიამდე ან ფსიქიკური მდგომარეობის სხვა მძიმე გამოვლინებებმადე მიიყვანოს
რა გავლენას ახდენს ადრეულ ქორწინებაზე სოციალიზაცია, თვითშეფასება და პიროვნული განვითარება?
– სოციალიზაცია, მაღალი თვითშეფასება და პიროვნული განვითარება მოსაზარდს საშუალებას აძლევს გაიფართოვოს თვალსაწიერი, იქონიოს მრავალფეროვანი არჩევანი, შეიმეცნოს საკუთარი თავი და ზუსტად იცოდეს საკუთარი სურვილები, გაეცნოს ქცევის სხვადასხვა მოდელებს. შესაბამისად ეს ყოველივე აისახება ქორწინებაში შესვლის სურვილის გადადებაზე
რა როლი აკისრიათ მშობლებსა და ოჯახს ამ გადაწყვეტილებაში? არის თუ არა იძულებითი ქორწინებები გავრცელებული?
– იძულებითი ქორწინებები უფრო ხშირად გავრცელებულია ეთნიკურ უმცირესობებში და რეგიონებში. პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული სოციუმის ტრადიციებსა და განათლების დონეზე. ოჯახს და მშობლებს დიდი როლი აკისრიათ ამ გადაწყვეტილებებში. გარდა იმისა, რომ ხშირად ისინი არიან ამ გადაწყვეტილებების ავტორები, ასევე მათ დამოკიდებულებას დიდი ზეგავლენა აქვს არასრულწლოვანის გადაწყვეტლილებებზე
როგორ შეიძლება ფსიქოლოგებმა და სხვა სპეციალისტებმა გაუწიონ დახმარება არასრულწლოვნებს, რომლებიც ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან?
– ფსიქოლოგებსა და სოცმუშაკებს აქვთ ბერკეტები, რითაც შეუძლიათ აღკვეთონ ზრდასრულთა (ოჯახის წევრებისა თუ სხვების) ზემოქმედება არასრულწლოვნებზე. მოითხოვონ მოზარდებისთვის იმ პირობების შექმნა რაც კანონით არის დადგენილი და აღმოუჩინონ მას ფსიქოლოგიური ხარდაჭერა, რაც გააძლიერებთ და მისცემთ თავდაცვის ბერკეტებს.
როგორ შეიძლება სკოლებმა და განათლების სისტემამ შეასრულოს პრევენციული როლი ამ საკითხში?
– სკოლამ დიდი როლი შეიძლება შეასრულოს ამ საკითხში, როგორც სექსუალური განათლების მიცემის გზით, ასევე ფსიქოლოგიური პრაქტიკების სწავლების გზით. ამ თემას მჭიდრო კავშირი აქვს სამართლებრივ რეგულაციებთან, რადგან სამართალი და კანონი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს არასრულწლოვანთა დაცვაში, მათი უფლებების შენარჩუნებასა და მომავლის პერსპექტივების უზრუნველყოფაში. ამ მიმართულებით, უფრო ვრცლად საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი- ანა ბუკია გვესაუბრა.
რა ითვლება საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინებად და რა ასაკობრივი ზღვარია განსაზღვრული კანონით?
– საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსი განმარტავს, რომ ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, ანუ აუცილებელია პირი იყოს სრულწლოვანი. შესაბამისად, ტერმინი არასრულწლოვანთა ქორწინება, შედეგობრივად, მხოლოდ ფაქტობრივ, არაოფიციალურ ქორწინებას შეიძლება გულისხმობდეს.
რა სამართლებლივი შედეგები მოჰყვება არასრულწლოვნის ქორწინებას, რომელიც კანონით არ არის ნებადართული?
– იმ პირთან ქორწინება, რომელსაც საქორწინო ასაკისათვის არ მიუღწევია და არც საქორწინო ასაკი ჰქონია შემცირებული, შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ ამას მოითხოვს იმ მეუღლის ინტერესები, რომელიც დაქორწინდა საქორწინო ასაკის მიღწევამდე. ამ საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს არასრულწლოვან მეუღლეს, მის მშობლებს ან მეურვეს (მზრუნველს), აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. საინტერესოა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ თუ საქმის განხილვის მომენტისათვის არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა, მაშინ ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად მხოლოდ მისი მოთხოვნით.
თქვენი აზრით, რა ცვლილებებია საჭირო კანონმდებლობაში არასრულწლოვანთა ქორწინების თავიდან ასაცილებლად?
– ქართულ საზოგადოებაში ქალის ქორწინება ბევრ სტერეოტიპთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ეთნიკურ უმცირესობებში. ხშირად, ქალები მალავენ იძულებითი ქორწინების ფაქტს სამართალდამცავებისგან, ვინაიდან მათ დედისეულ ოჯახში დაბრუნებას შედეგად მოსდევს დიდი სირცხვილი და მათი საზოგადოებიდან გარიყვა. სისხლის სამართლის ნორმა ასეთ დროს ვერ შეასრულებს დაცვის ფუნქციას. ამ ფაქტორის მიუხედავად, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას გარანტიები და იმ ქალებს, რომელთაც სურთ თავის დახსნა იძულებითი ქორწინებიდან შეუქმნას პირობა, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს.
შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში და ქალს მიეცემა დაზარალებულის სტატუსი. არასრულწლოვანთა ქორწინება მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი კი არა, სერიოზული სამართლებრივი და სოციალური პრობლემაა, რომელიც ხშირად ნიშნავს შეწყვეტილ განათლებას, დაკარგულ ბავშვობასა და შეზღუდულ მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვებს ამ მავნე პრაქტიკისგან, მისი ეფექტიანობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა საზოგადოება, სახელმწიფო და ოჯახი ერთად იმუშავებს ცნობიერების ამაღლებასა და უფლებების დაცვაზე. მხოლოდ ასე შეეძლებათ არასრულწლოვნებს ისარგებლონ საკუთარი ცხოვრების სრულფასოვანი შესაძლებლობებით და არ გახდნენ დაუბრუნებელი ოცნებების მსხვერპლნი.
მასალა მოამზადა: სალი ონაშვილმა











Leave a Reply