პერსპექტივა

26 მაისი, 2025 – როცა დროშა ორად გაიშალა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ეროვნული ერთიანობისა და საერთო ღირებულებების დაფიქსირების სიმბოლო უნდა იყოს, 2025 წელს მკვეთრი საზოგადოებრივი პოლარიზაციის ფონზე აღინიშნა. ამ დღეს, ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან თარიღზე, მოქალაქეები ორ სხვადასხვა სივრცეში იკრიბებოდნენ – ერთ მხარეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიება მიმდინარეობდა, მეორე მხარეს კი ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებსა და სამოქალაქო აქტივისტებს საკუთარი ფორმატით ჰქონდათ გამოხატული ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართა სახელმწიფო ცერემონიალი, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, სამხედროები და ოფიციალური სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სამხედრო აღლუმის მსგავსი საზეიმო ნაწილი, ფიცის დადების ცერემონია და კულტურული აქტივობები. თუმცა პარალელურად, იმავე დღეს თბილისის სხვა ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე – გაიმართა პროტესტი და დამოუკიდებლობის დღის ალტერნატიული აღნიშვნა, სადაც მოქალაქეები საუბრობდნენ იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ღირებულებებს.

მიუხედავად დღესასწაულის სახელწოდებისა, 26 მაისს საქართველოს მოქალაქეები ორ სივრცეში აღმოჩნდნენ – ერთობაში კი არა, განმარტოებულ პოზიციებში. ეს გარემოება ნათლად ასახავს იმ პრობლემას, რომ ეროვნული სიმბოლიკის და თარიღების ირგვლივ საზოგადოებრივი კონსენსუსი თანდათან ქრება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყნის დემოკრატიულ და პოლიტიკურ გარემოს.

მასალა მოამზადა: ლუკა ცარციძემ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *